Screen Shot 2021-10-19 at 11.02.14 PM.png

კითხვის დროს მოსასმენი

ვაშლის შტრუდელი

-ჩვენ ადგილზე მოვალ.
                      -კიდე უნდა მალოდინო ?
- :)
                      -ერთი დაგვიანება ვერ დაივიწყე ხო ?:)

 

სახლიდან ადრე გავედი, მეორედ ვერ დავიგვიანებ... ჯერ პირველი არ დავიწყებია. რა თქმა უნდა თვითონ დაიგვიანა. მოდის, ეცინება, იცის, რომ მალოდინა და გადაცილებული დროის ღიმილით გადაფარვას ცდილობს.

ცრის..

-გვინდა ორი ქოლგა ?
მაინც ერთი გავშალეთ...

წვიმიანი ამინდი სივრცეს უფრო კრავს. ეს თითქოს უკვე წარმომედგინა, დეჟავუ ? არა, უბრალოდ ფიქრი იყო და გაცოცხლდა...

  მუზეუმში შევედით, თითქმის არავინაა, გვეუცხოვება ჩვენი ნაბიჯების ხმა. აქ ხომ სულ ბევრი ხალხია ხოლმე...
მომენტებში ვჩუმდებით, ხანდახან ერთმენეთის სუნთქვაც კი გვესმის.  

ამ გარემოში სამუზეუმო ექსპონატები კიდევ უფრო მისტიური ხდება,

ბევრჯერ ნანახი თითქოს ახლიდან აღმოვაჩინეთ.
მარტო სულ სხვანაირად ვხედავდი, მასთან ერთად ბევრი რამე კიდევ უფრო განსხვავებულია.

როდესაც ვინმესთან ერთად ხარ ხარ, მაგის მიხედვით იცვლება სამყაროს აღქმაც? ჰო ალბათ ასეა. ჩემ თავს გავეცი პასუხი ჩემსავე კითხვაზე.

  მაგნიტური ტაიტის ფერები ტროპიკულ სითბოს გამოსცემდა, ბედნიერი პორტრეტები კი უფრო მარწმუნებდა მხატვრის სწორ გადაწყვეტილებაში. გავიფიქრე- ნეტა მეც ტაიტიზე ვიყო მეთქი, მაგრამ  ეს ძველი ფიქრის გაჟღერება უფრო იყო. სადაც ვიყავი ის უფრო მომწონდა.
- ჩემთვის განსაკუთრებულია ეს მხატვარი.

ვუთხარი და ვანიშნე საით უნდა გაეხედა.

- რატო?
- ის გააკეთა რაზეც ერთხელ მაინც უოცნებია თავისუფალ ადამიანს, მის ნახატებზე, რომ აღარაფერი ვთქვა.
  ხმადაბლა ისაუბრეთ- შენიშვნა მოგვცა მუზეუმის მეთვალყურემ რომლებიც ალაგ-ალაგ ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ.

დაბალ ხმაზე საუბარიც ხმამაღლა გვეჩვენება ამ სიჩუმეში.

-გშია ?
ვკითხე და პასუხს არ დაველოდე
ამ მომენტისთვის წამოღებული შოკოლადი გავუწოდე, რომლეიც გაღიმებულმა ხელიდან ამაცალა. მუზეუმში მოგზაურობა შიმშილის გამო, რომ არ შეგვეწყვიტა შოკოლადები მეთვალყურისგან მალულად ვჭამეთ.

  დარბაზიდან დარბაზში გავდივართ, ემოციიდან ემოციაში ვიკარგებით, ყოველ სივრცეში სხვა ქვეყანა და შედევრები გხვდება, დროის შეგრძნებაც იცვლება და ვგრძნობ, როგორ ვიცვლებით ჩვენც.

   ერთ დარბაზში ჯვარცმის კოლექციაა. აწამეს, გააკრეს, მოკლეს, ჩამოხსნეს...  მთელ დარბაზში ეს სცენებია... ემოციები გაგვიჩერდა და მალე გავედით შემდეგ დარბაზში, სადაც მომღიმარი ბუდას უზარმაზარი  ქანდაკებები ზემოდან დაგვცქეროდა, მაგრამ ზეწოლა არ იგრძნობოდა...
-ხომ შეიძლებოდა სიყვარულის რელიგის სიმბოლო, ჯვარცმისა და მკვლელობის გარეშე ყოფილიყო?
ხმამაღლა ვთქვი წინა დარბაზის სცენებით გაღიზიანებულმა.
-პირველად დავფიქრდი ამაზე...
-თუ გიყვარს საერთოდ რაში გჭირდება რელიგია! ალბათ სხვა რამის თქმა უნდოდა იესოს და ვერ გაუგეს. ბევრ რამეზე იგივეს ამბობდა ბუდაც, მაგრამ ბუდას გაუმართლა, გაუგეს...
ორივე გავჩუმდით...

მთელი დღის უწყვეტი ემოციებით დაღლილები გარეთ გამოვედით...

წვიმამ გადაიღო, ჰაერი უფრო სასიამოვნოა.  

ყავა დავლიოთ სადმე...
-რა თქმა უნდა.
ვუპასუხე და გავუყევით ქუჩას ყავისა და სკამის მოსაძებნად სადაც
ამდენი ამღვრეული ემოცია უნდა დალექილიყო.
  ვუდი ალენის ფილმის განწყობის კაფე ვიპოვნეთ.
ალბათ პირველად, რომ დადგეს მაგიდები არც შეუცვლიათ, მუზეუმიდან გამოსულებს სიძველის შეგრძნება არ გვეუცხოვა, პირიქით თითქოს გაგრძელება იყო იმ განწყობის. გახეხილი მაგიდის ზედაპირს ხელი გადავუსვი,  ფირსაკრავის ფირფიტის ბილიკივით ქონდა  ნაკაწრებში წლების ემოციები ჩამახსოვრებული...
-რას მიირთმევთ ? გვკითხა მიმტანმა  ღიმილით. 
- ყავას დაა... თქვენ რას მირჩევთ ?
უცებ იქვე ბარის მიღმა მდგომმა მამაკაცმა გაგვცა პასუხი:
-ეხლა გავაკეთე „ვაშლის შტრუდელი“ თუ გესიამოვნებათ ეგ გასინჯეთ.
-ძალიან კარგი, იყოს ეგ.
ღიმილითვე უპასუხა კაფის მასპინძლებს და მე გამომხედა და მზერით მკითხა - შენ ?
- ასევე ყავა და კრუასანი. ოღონდ კრუასანი, რომ შეათბოთ?

მოიტანეს ნაქები შტრუდელი და ყველაზე გემრიელი კრუასანი, შუაზე გაჭრეს და  კარაქთან ერთად გემრიელად დაბრაწეს გაჭრილი გვერდები.
ისევ გაწვიმდა... ჩამობნელდა, ქუჩებში განათების ყვითელი შუქი ჩამოდნა ლამპიონებიდან და წვიმის გუბეებში გადავიდა.
გავიფიქრე- კინოში ვართ...  უნდა გამეხმოვანებინა ეს ფრაზა, რომ მობილურმა დაურეკა...

  საუბარი გაუგრძელდა... პირის მოძრაობით მანიშნა “Sorry”.

თავი გავაქნიე, არაფერიათქო და ჩემს მობილურს დავხედე, ვითომ მეც  მქონდა სანახავი რაღაც. მობილურის კამერა ჩავრთე, და ისე გადავუღე, რომ არ  იცოდა...

   ფოტოს დავხედე და პირველად დავინახე , როგორ მიყურებდა,

მაშინ როცა მე არ ვუყურებდი...